пятница, 19 декабря 2014 г.

ექსკურსია

სამთავისი  -------  ყინწვისი


სამთავისის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის ქვაკუთხედია. გენიალურმა ხუროთმოძღვარმა შექმნა ლაკონიური კომპოზიციისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა. XI ს. პირველ ნახევარში წარმოშობილი ნაგებობის ეს ტიპი მცირე ცვლილებებით, სხვადასხვა ნიუანსებით შემდგომ საუკუნეებშიც მეორდება.სამთავისი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, კასპის რაიონის სოფელ სამთავისში. მოგვიანებით ტაძარი გალავნით შემოუფარგლავთ. გალავანს შესასვლელი ჩრდილოეთით, სამრეკლოს ქვედა სართულიდან აქვს. მეორე ჭიშკარი დასავლეთითაც ყოფილა, შემდგომში ამოუქოლიათ. სამხრეთით, გალავანთან ახლოს, ერთი მცირე ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი.გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. „კალმასობაში” ნათქვამია: „ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.”სამთავისის პირველ მშენებლად ვახუშტი ბაგრატიონი VI ს. მოღვაწეს - ცამეტ ასურელ მამათაგან ერთს - ისიდორეს ასახელებს. იგი წერს: „... არს რეხულას აღმოსავლეთით სამთავისი, ეკლესია დიდი, გუნბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. აქ შეიძლება უზუსტობასთან გვქონდეს საქმე, რადგან ცნობილია, რომ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდა სამთავნელი ეპისკოპოსი. ასურელი მამები კი უფრო გვიან ჩამოვიდნენ....

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი მდებარეობს ქარელის რაიონში, ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. თვით სოფელი ყინწვისი კი ძამის მარჯვენა ნაპირასაა. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, „ნიკოლოზის წყლის“ აყოლებაზე, ხეობაში, დგას სამონასტრო ანსამბლი.
კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, ასევე გალავანი და კოშკი-სამრეკლო, რომლის დომინანტს წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი დიდი ტაძარი წარმოადგენს.
ყინწვისი მონოგრაფიულად არავის გამოუცია და ისტორიული თუ სხვა ხასიათის ცნობებიც მეტად მცირეა. პირველი ისტორიკოსი, რომელიც იხსენებს ყინწვისს, ვახუშტია. იგი, მაშინდელი საციციანოს აღწერისას, მოგვითხრობს: „ხვედურეთის დასავლეთით არის მონასტერი ყინწვისს, წმინდა ნიკოლოზისა, გუმბათიანი, დიდშვენიერად ნაშენი, მაღალს ადგილს ზედა; ზის წინამძღვარი“. ამ ცნობით ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ მონასტერი მოქმედია და ნაგებობები წესრიგშია. არსებული მცირეოდენი ლიტერატურა, რომელიც ძირითადად ეხება ფრესკულ მხატვრობას, გამოდგება ძეგლის დათარიღებისათვისაც.
ყინწვისის ტაძრის კედლებზე შემონახულია შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც სტილისტურად უახლოვდება ბეთანიისა და ტიმოთესუბნის მხატვრობას. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახული: თამარ მეფე, მამამისი გიორგი III და შვილი ლაშა-გიორგი, გამოსახულია ბეთანიის ეკლესიაშიც. მათ, ჩვეულებრივ, XII-XIII საუკუნეების მიჯნით ათარიღებენ. გარკვევისათვის უნდა დავძინოთ, რომ აღნიშნული ქტიტორული ჯგუფის მიხედვით არ შეიძლება ყინწვისისა და ბეთანიის საყდრების კედლების მოხატვის დროდ მივიღოთ XII საუკუნის დასასრული. უფრო მართებული იქნება, თუ მათი შექმნის მომენტად ვაღიარებთ XIII საუკუნის პირველი ათეულის ბოლო წლებს. ეს მოსაზრება ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ ლაშა-გიორგი ფრესკაზე წარმოდგენილია ჭაბუკად. როგორც ვიცით, იგი დაიბადა 1192 თუ 1193 წელს, თანაც, მის გამოსახულებას 7-8 წლის მოზარდად ვერ მივიღებთ, რომ ამით ფრესკა XII საუკუნეს მივაკუთვნოთ. იგივე ლაშა-გიორგი ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე უკვე წვერ-ულვაშით დამშვენებული ვაჟკაცია გამოსახული. აკადემიკოსი გ.ჩუბინიშვილი ამ ფრესკას 1207-1213 წლებით ათარიღებს..... 



                    


Комментариев нет:

Отправить комментарий